English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ რევაზ გოგოხია
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი - მსოფლიო დონის მეცნიერი და ჭეშმარიტად დიდი ერისკაცი

 აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იმ ქართველ მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა და ჭეშმარიტ   მამულიშვილთა კოჰორტას მიეკუთვნება, რომელთა სახელი და დიდება არaსოდეს მიეცემა დავიწყებას   და სამუდამოდ რჩება ქვეყნისა და ერის ისტორიაში.[1]

 „დიდი ადმიანები მხოლოდ მოდიან და სამუდამოდ რჩებიან ადამიანთა შორის“ - წერდა იგი   სახელოვან მოღვაწეთა დამსახურების შეფასებისას, რომელთა შორის, არც თუ დიდი ხნის შემდეგ,   თვითონ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი, როგორც გამორჩეულმა ბრძენკაცმა. ოცდაათ წელზე მეტი   გავიდა მისი ამქვეყნიური ცხოვრებიდან მარადისობაში გადასვლის შემდეგ, მაგრამ მისი მეცნიერული   და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედევრები დღესაც აქტუალური და უაღრესად ცხოვრებისეულია,   რაც უდავოდ გამოსაყენებელია მრავალჭირნახული და ამჟამად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში   მყოფი ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც მისი უპირველესი საზრუნავი და საფიცარი იყო მთელი მისი   ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე.

 ეკონომიკური მეცნიერების პატრიარქს, ფართო დიაპაზონის მკვლევარს, საქართველოს ფარგლებს   გარეთაც ცნობილ მოღვაწეს, ქართველი ერის ჭეშმარიტად სასიქადულო შვილს, აკადემიკოს პაატა   გუგუშვილს, უბადლო ნიჭიერებასთან ერთად, უშრეტმა ენერგიამ, მეცნიერული საქმიანობის უბადლო   ორგანიზატორის უნარმა, უდიდესმა ნებისყოფამ და დაუოკებელმა მიზანსწრაფვამ შეაძლებინა შეექმნა ეროვნული ეკონომიკური მეცნიერების საფუძველი, ახალ თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე აეყვანა ის და გამხდარიყო ქართული ეკონომიკური სამეცნიერო სკოლის შემქმნელი და მესაჭე მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მეცნიერის მიერ  განვლილი გზის ღრმადშინაარსიან წარმოჩენას ფოლიანტებიც ვერ დაიტევს, რის გამოც შევეხებით მისი მოღვაწეობის მხოლოდ ძირითად მომენტებს.

პ. გუგუშვილი დაიბადა 1905 წლის 28 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ კოდორში (ამჟამად კეთილარი). მისი მშობლები იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული ადამიანები იყვნენ: მამა  – ბესარიონი, წლების განმავლობაში, სოფლის არჩევითი მამასახლისი იყო და მას ზრუნვას და გარჯას არ აკლებდა. დედა – მარიამ კიზირია კი, ფაქტობრივად, მასწავლებლის ფუნქციასაც ასრულებდა. მან წერა–კითხვა შვილებს სკოლამდელ ასაკში ასწავლა და  საბავშვო ლიტერატურაც შეაყვარა. 11 წლის იყო პაატა, როცა დედა გარდაიცვალა. მან კი, იქვე ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1917–1923 წწ.  ჯერ ფოთის ექვსკლასიანი სასწავლებელი, მერმე კი ფოთის გიმნაზიაც დაასრულა. შემდეგ იყო ქუთაისის ორწლიანი საშუალო სასწავლებელი, რომელიც ერთ წელში წარმატებით დაძლია. 1923–1927წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომისტ–ფინანსისტის სპეციალობის წარჩინებული სტუდენტი. 1926–1929წწ. იქვე  ისმენდა ლექციებს აგრეთვე სამართლისა და საქართველოს ისტორიასა და ქართული სამართლის ისტორიაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიისა და ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის სემინარებში, რასაც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. იმავდროულად 1922–1930წწ., ხელმოკლეობის გამო, მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში მონტიორად, მოანგარიშედ, კორექტორად, ასოთამწყობად, სტატისტიკოსად, ბუღალტრად, საფინანსო განყოფილების გამგედ, რომლებსაც წარმატებით ართმევდა თავს. ამასთანავე, 1927 წლიდან მოყოლებული, ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. პაატა გუგუშვილის პირველი მონოგრაფია დაიბეჭდა 1929 წელს – "ქართული წიგნი 1629-1929 წწ.", – „ეკონომიკურ–სტატისტიკური გამოკვლევა“, რომელიც დაიწერა ივ. ჯავახიშვილისა და   ფ. გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით. ნაშრომი მიეძღვნა ქართული სტამბური წიგნის 300 წლისთავს. პაატა გუგუშვილის ეს პირველი მეცნიერული წარმატება და მომავალი მსოფლიო აღიარება, დიდად განაპირობა იმან, რომ მისი მასწავლებლები იყვნენ გამორჩეული მოძღვარ–მეცნიერები ნიკო ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სხვები. არც თვითონ დარჩა ვალში და მოკლე პერიოდში სავსებით დამსახურებულად დაიმკვიდრა აღიარებულ მასწავლებელთა ღირსეული მოწაფისა და მათი მეცნიერული მემკვიდრეობის ერთგული გამგრძელებელ–განმავითარებლის სახელი. ეს უწინარესად გამოიხატა იმით, რომ პაატა გუგუშვილს გამოქვეყნებული დიდმნიშვნელოვანი ორიგინალური ნაშრომებისათვის, პროფესორების – ფილიპე გოგიჩაიშვილის, გრიგოლ ნათაძისა და მ. პოლიევქტოვის შუამდგომლობით,                 1938 წელს საჯარო დაცვის გარეშე, ერთხმად მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1940 წელს პ. გუგუშვილმა,  35 წლის ასაკში ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე – "საქართველოსა და ამიერკავკასიის კოლონიზაცია XIX ს.", რასაც უმაღლესი   შეფასება მისცა დიდმა სამეულმა, მეცნიერების კორიფეებმა ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა. სადისერტაციო ნაშრომი  საქართველოს XIX ს–ის ისტორიისათვის, დიდ შენაძენად იქნა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ეს  იყო საქართველოში  პირველი სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებაში. მანამდის კი, 1931 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ გამოქვეყნდა პ.გუგუშვილის: "სახალხო მეურნეობის ისტორია", "ტექნიკის ისტორია", "ეკონომიკური ფორმაციებისათვის", "სახალხო მეურნეობის წარმოშობა და განვითარება"და სხვა ნაშრომები. ასევე, მისი რედაქციით, რუსულიდან ითარგმნა და გამოიცა  ოთხი დამხმარე სახელმძღვანელო ეკონომიკურ დისციპლინებში.

პაატა გუგუშვილს, როგორც მეცნიერ–მკვლევარის შემოქმედებითი პროდუქტიულობის შესაფასებლად, საკმარისია, თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ მას გამოქვეყნებული აქვს 500–მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 50 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება პოლიტეკონომიის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, სახალხო მეურნეობის ისტორიის, სტატისტიკის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების, ქართული ეკონომიკური აზრის, გეგმიანობისა და პროგნოზირების პრობლემებს. აღსანიშნავია ასევე მისი შრომები ქართული ჟურნალისტიკისა და ბიბლიოლოგიის დარგში. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია – “საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XXსს.”,(I–VIIტომი, 1949–84). ადრინდელი(1933წ.) ნაშრომებიდან კი უდავოდ აღსანიშნავია სტატია – "ეკონომიური ფორმაციებისათვის", რომელიც გამოირჩევა ჰეგელის ფილოსოფიის საკვანძო საკითხისადმი ორიგინალური, შეიძლება ითქვას, მარქსისტულ–ლენინურისაგან განსხვავებული მიდგომით, რაც ბოლო პერიოდამდე შეუმჩნეველი რჩებოდა მეცნიერთათვის და რასაც ახლახან ყურადღება მიაქცია ცნობილმა მეცნიერმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა(იხ.აქვე, მომდევნო პუბლიკაცია).

აკად. პ. გუგუშვილის მდიდარ მეცნიერულ მემკვიდრეობას სხვადასხვა დროს დადებითად გამოეხმაურნენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები:                კ. ოსტროვიტიანოვი, ნ. დრუჟინინი, ნ. ცაგოლოვი, პ. მასლოვი, პ. პოდკოლზინი, ბ. ურ- ლანისი (რუსეთი), გ. ჰაინინგერი (გერმანია), ჯ. კოლაჯა (აშშ),  ტ. ფიოლდი (უნგრეთი), კ. სალია (საფრანგეთი), ტ. აზატიანი (სომხეთი), ივ. ჯავახიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი,     კ. გამსახურდია, გ. ლეონიძე, ნ. ბერძენიშვილი, შ. ნუცუბიძე, მ. პოლიევქტოვი,                ვ. ჩანტლაძე, ლ. გორგილაძე, შ. მესხია, ა. სურგულაძე, ს. ჯორბენაძე,  გ. ჭანუყვაძე და მრავალი სხვა.

პაატა გუგუშვილი იყო არამარტო დიდი მეცნიერი, არამედ მეცნიერების დიდი ორგანიზატორი და გამორჩეული საზოგადო მოღვაწე. ამ მხრივ საკმარისია აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის პირობებში - 1944წელს, მისი ინიციატივისა და ძალისხმევის შედეგად, საქ. მეცნ.აკადემიის სისტემაში შეიქმნა ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელიც 1991 წლიდან აკად. პ. გუგუშვილის სახელს ატარებს და რომელსაც დღიდან დაარსებისა – 1976 წლამდე თვითონ ედგა სათავეში. ამ ინსტიტუტის დაარსებამ საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას დიდი იმპულსი მისცა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაატა გუგუშვილის სახელობისაა თსუ–ს მაღლივი კორპუსის ერთ–ერთი გამორჩეული აუდიტორია).

1940–1945წწ. აკად. პ.გუგუშვილი  იყო თსუ–ს სახალხო მეურნეობის ისტორიისა და პოლიტეკონომიის კათედრის გამგე, 1930–67 წწ. თსუ–ში კითხულობდა სახალხო მეურნეობის ისტორიისა და პოლიტეკონომიის, ხოლო 1968–86წწ. – სოციოლოგიის კურსს. მისი ლექციები იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, რომ აუდიტორია ხშირად მსურველებს ვერ იტევდა.

პროფ. პაატა გუგუშვილი იყო პირველი მეცნიერ - ეკონომისტი, რომელიც 1960 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს , ხოლო 1974 წლიდან კი – იმავე აკადემიის აკადემიკოსად.

პ. გუგუშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეკონომისტთა ეროვნული კადრების მომზადებისა და აღზრდის საქმეში.[2] მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 100-ზე მეტი სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაცია. იგი, 1958 წლიდან, 15 წელი რედაქტორობდა ჟურნალს - „საქართველოს ეკონომისტი“, ასევე აქტიურად თანამშრომლობდა  საქ. მეცნ. აკდემიის ჟურნალში – „მაცნე“, როგორც სარედაქციო კოლეგიის წევრი და ეკონომიკური პროფილის განყოფილების ხელმძღვანელი. ამასთან, 1946–1972წწ. გამოვიდა ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების 15 ტომი და სამეცნიერო შრომების კრებული „ეკონომიკა“– 7 ტომი. თითქმის ყველა მათგანის მთავარი რედაქტორი და ძირითადი თანაავტორი პ.გუგუშვილი იყო.

უდავოდ დიდია აკად. პ.გუგუშვილის დამსახურება ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1947 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტების გრიფით, გამოვიდა "ეკონომიკის ტერმინოლოგია" (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული) შედგენილი  პ. გუგუშვილის ინიციატივით ორგანიზებულ ხანგრძლივი და მწვავე დისკუსიის შედეგების შეჯამებისა და მის მიერვე შემუშავებული მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე. ამ ნაშრომმა ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში.

პ. გუგუშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1951 წლის ნოემბრის ცნობილ დისკუსიაში (ქ. მოსკოვი), რომელიც პოლიტიკური ეკონომიის სახელმძღვანელოს მაკეტის განხილვას მიეძღვნა. მისი სერიოზული შენიშვნები და კონკრეტული წინადადებები სახელმძღვანელოს საბოლოო ტექსტში აისახა. ამ სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი 1954 წელს გამოიცა პ.გუგუშვილისა და ი.ბაჯაძის რედაქციით.

პ. გუგუშვილი 1959 წელს არჩეულ იქნა საბჭოთა სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად და იმავე წელს, სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, პირველად მიიღო მონაწილეობა ხუთი მეცნიერისგან შემდგარმა დელეგაციამ. პ. გუგუშვილი, როგორც დელეგაციის წევრი, მსოფლიო მეოთხე კონგრესზე  იტალიაში (მილანი–სტრეზა) წარსდგა მოხსენებით – „მრეწველობის ფორმათა სოციოლოგიური კლასიფიკაციის შესახებ“. მოხსენება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ის იქვე აირჩიეს მსოფლიო სოციოლოგიური ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრად. ამ დროიდან მოყოლებული იგი სისტემატიურად მონაწილეობდა ეკონომისტთა და სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში.  მონაწილეთა დიდ მოწონებას იმსახურებდა მისი მოხსენებები, რომლებიც გამოქვეყნებულია  გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ რუსულ და სხვა ენებზე. აღსანიშნავია, რომ 1964 წელს, განთქმული იტალიელი მეცნიერის ფრანჩესკო ვენტურისადმი მიწერილ ღია წერილში, რაც რუსულ და იტალიურ ენებზე გამოქვეყნდა, აკადემიკოსმა ნ.დრუჟინინმა ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემებზე საბჭოთა მეცნიერების ფუძემდებლური ნაშრომების ავტორებად დაასახელა მხოლოდ სამი დიდი მეცნიერი – ს.სტრუმილინი, პ.ლიაშჩენკო და პ.გუგუშვილი.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, აკად. პ. გუგუშვილი დიდ და უაღრესად ნაყოფიერ საოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა. იგი იყო სსრკ საგეგმო კომიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების ბიუროს, საქართველოს საზოგადოება “ცოდნის’” გამგეობის, უცხოეთთან მეგობრობისა და კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების გამგეობის წევრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექციის თავმჯდომარე, საბჭოთა სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდიუმის, საბჭოთა სამეცნიერო ეკონომიკურ დაწესებულებათა ასოციაციის პრეზიდიუმის, მსოფლიო სოციოლოგიური ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის, ასევე სხვა ადგილობრივი, საკავშირო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის განყოფილების გამგე და მისივე ინიციატივით შეიქმნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეზიდიუმთან არსებული საქართველოს ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიის) სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო, სადაც იგი ფრიად სასარგებლო ეროვნულ საქმეებს აგვარებდა.

აკად. პაატა გუგუშვილი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატო ნიშ- ნის“ ორდენებითა და სხვადასხვა მედლით. მისი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით, თსუ-ში დაწესებულია პაატა გუგუშვილის სამეცნიერო პრემია,              2020 წლიდან კი - „პაატა გუგუშვილის მედალი“, რაც ყოველწლიურად გადაეცემა საქართველოს დამსახურებულ მოღვაწეებს (უწინარესად მეცნიერების სფეროში). მომზადდა და გამოიცა პ. გუგუშვილის დღიურები და მოგონებები.

მთლიანობაში, აკად. პაატა გუგუშვილის მეცნიერული შემოქმედება წარმოჩინდება მრავალფეროვნებით. იგი უწინარესად წარმოდგენილია, როგორც სწავლული ეკონომისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, დემოგრაფი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, ლექსიკოლოგი, ბიბლიოფილი, პოლიგრაფისტი, არქეოგრაფი ...

სამწუხაროდ, აკად. პ.გუგუშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გზა ია–ვარდებით არ ყოფილა მოფენილი. მას წლების განმავლობაში დაუნდობლად, აშკარად თუ შენიღბული მეთოდებით, ებრძოდა ზემდგომ პარტიულ ელიტასთან საეჭვოდ შეკრული, შურიან მეცნიერთა და ვაიმეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ძილს უფრთხობდა მისი შთამბეჭდავი წარმატებები თუ მიღწევები მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მას  არაერთი ტკივილი მიაყენეს, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო და შთამამავლობას დაუტოვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერული გამოკვლევები. ჰყავდა დიდებული მეუღლე,                                ქ–ნი ნინო მიქაბერიძე, მაღალინტელექტუალური ფასეულობების მატარებელი შვილები, რომელთაგან უფროსი – პროფესორი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.1993 წლიდან კი, როგორც დევნილი, ფინეთში წარმატებულ საქმიანობას ეწევა. სამწუხაროა, რომ სამშობლოში მის და მისი ოჯახის დაბრუნებაზე არავინ ფიქრობს. უმცროსი ვაჟი გულბაათი, ფინანსური სფეროს წარმატებული მუშაკი და მომავალი მეცნიერი, 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილის ღამეს გამოყენებული გამოუცნობი გაზით მოწამვლის მსხვერპლი გახდა.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აკად. პაატა გუგუშვილის „უძლეველობა“ და დიდი წარმატებები ყველა ფრონტზე იმანაც განაპირობა, რომ იგი იყო ჭეშმარიტად სახალხო პიროვნება, რომელსაც მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართული ელიტის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სვიმონ ჯანაშია, სიმონ ყაუხჩიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, პეტრე შარია, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, სერგი დანელია, ალექსანდრე ფრანგიშვილი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, ანდრია აფაქიძე, ვიქტორ კუპრაძე, ნიკო კეცხოველი, ირაკლი აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, შოთა მესხია, როინ მეტრეველი, სერგი დურმიშიძე, ვასილ ჩანტლაძე, ნიკო მუსხელიშვილი, ნიკოლოზ იაშვილი, მიხეილ კახეთელიძე და ბევრი სხვა.

და, რაც მთავარია, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკად. პაატა გუგუშვილი სიცოცხლის ბოლომდე ბერმუხასავით იდგა მეცნიერების მოწინავე პოზიციებზე და ახალგაზრდული ენერგიით, საღი გონებითა და ჩვეული შემართებით განაგრძობდა თავის საყვარელ საქმეს – მეცნიერულ–პედაგოგიურ  თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ანუ რასაც ჰქვია ერისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული სამსახური. ამიტომაც დაიმკვიდრა მან ქართველი ერის ისტორიაში მარად წარუშლელი და ფრიად საპატიო ადგილი.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი   რევაზ გოგოხია


[1] გამოყენებული ლიტერატურა და მასალები: „პაატა გუგუშვილი – 100“ (რედ .ლ. ჩიქავა, შემდგენელი ი. აბაშიძე, თბ., 2005);  რ. აბესაძე, აკად. პაატა გუგუშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (აკად.პაატაგუგუშვილის 115–ეწლისთავისადმიმიძღვნილისაერთაშორისოსამეცნიეროკონფერენციის                   „თანამედროვეეკონომიკა, ეკონომიკურიმეცნიერებადაეკონომიკისპანდემიურიპრობლემები: გამოწვევები, გადაჭრისგზები“,  მასალებისკრებული. თბ., 2020, გვ.611);  „აკადემიკოსპაატაგუგუშვილისდღიურებიდამოგონებები“, რედ. . აბესაძე, თბ., 2015; „პაატაგუგუშვილისეკონომიკისინსტიტუტი 19442009, შემდგენლები – რ. აბესაძე, მ. ჯიბუტი, რედ. თ. ჩხეიძე, თბ.,2015;

[2] აღვნიშნავ იმ უმდიდრეს გამოცდილებას, რაც მე (რ. გოგოხიამ) 1960–1977 წწ. ეკონომიკის ინსტიტუტში (ჩემი შეფასებით  „სიბრძნის აკადემიაში“) მივიღე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ხელმძღვანელობით –ასპირანტობისას, მეცნიერულ, სარედაქციო თუ საზოგადოებრივი საქმიანობის პროცესში...